ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის 149-ზე კმ-ზე დაწყებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან
18 აპრილი 2023
„რიკოთის უღელტეხილზე, 149-ე კილომეტრზე, თოვლის დნობის შემდეგ, მონიტორინგის შედეგად, არსებული გზიდან 200 მეტრში დაფიქსირდა ნაპრალები. იმისათვის რომ გაგვეგო რასთან გვქონდა საქმე, გაგრძელდა მონიტორინგი და დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებები, კვლევების ჩათვლით. თუმცა, 29 მარტს ნაპრალების ზრდის გამო ვითარება სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ შეფასდა მომეტებულ საფრთხედ. ამ პირველად მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის და მოძრაობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებაზე გადართვის გადაწყვეტილება. ეს იყო რიკოთის დაკეტვის პირველი შემთხვევა, რომელიც 29 მარტს 23:45 საათზე იქნა მიღებული“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, გზის დაკეტვის გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პოტენციური საფრთხის შეფასების და ამ საფრთხის თავიდან არიდების გამო იქნა მიღებული და ცხადყოფდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიის და საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ ვითარების პროფესიულად მართვას.
ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გზის დაკეტვიდან მეორე დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა საზოგადოებას სრული ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.
„მეწყრულ უბანს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან, ნაპრალები გაჩნდა არსებული გზიდან 200 მეტრში, რაც შეიძლება მეწყრულ პროცესებში გადაზრდილიყო. დაიწყო შესაბამისი კვლევები იმისათვის, რომ გვქონოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა გეოლოგიასთან გვქონდა საქმე. პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გზა იმდაგვარად გაფართოვდა, რომ რეალურად გაორმაგდა ე.წ. დამგროვებლის შესაძლებლობა. ყველას გვესმოდა, რომ ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯს ვდგამდით გზის დაკეტვით, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. 7 აპრილს მიღებული პირველადი კვლევების მონაცემების შესაბამის სისტემაში შეყვანით, მეწყერის გააქტიურებასთან დაკავშირებული რისკების ფონზე, გზის სპეციალური რეჟიმით გახსნა დასაშვებად იქნა მიჩნეული,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.